weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სასაფლაოებზე განსაკუთრებული მონიტორინგი არასასიამოვნო ტრადიციაზე იქნება – გამყრელიძე

12:51 სამშაბათი, 27 აპრილი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში, თბილისსა და სხვა დიდი ქალაქების სასაფლაოებზე წესრიგს პოლიცია დაიცავს, სოფლებში კი, ადგილობრივებს სოფლის რწმუნებულები მოუწოდებენ, სასაფლაოზე სუფრა არ გაშალონ.

„დიდი ხნის და ჩვენი ტრადიციაა, ყველა გავდივართ სასაფლაოებზე ორშაბათს, სამშაბათს და მთელი კვირის განმავლობაში და პატივს მივგებთ ჩვენ მიცვალებულებს, მაგრამ ამავე დროს, სამწუხაროდ, გვაქვს ტრადიცია, რომელიც მთლად მოსაწონი არ არის. ადგილი აქვს სუფრას, როცა ალკოჰოლი მიიღება, გარკვეულ შემთხვევებში – გადაჭარბებით.

არავინ უშლის ადამიანებს, მთელი კვირის განმავლობაში, როგორც შარშან იყო, ოჯახიდან ერთი ადამიანი, ორი ადამიანი გავიდეთ და ავანთოთ სანთელი. 

იქნება შეზღუდვა, მაგრამ განსაკუთრებული მონიტორინგი იქნება სწორედ იმ არასასიამოვნო ტრადიციაზე რომელიც გვაქვს, იმიტომ, რომ ეს გახლავთ მომატებული რისკფაქტორი ინფექციის გავრცელებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

მისივე თქმით, გასულ წელს სოფელებში არავის აუკრძალავს საფლავზე გასვლა.

„სოფელში სასაფლაოზე რომ ადამიანი გავა, იმას არავინ არ აუკრძალავს სასაფლაოზე გასვლას, მაგრამ სოფლის რწმუნებული მიმართავს და სთხოვს, რომ სასაფლაოზე არ იყოს სუფრა და დიდი შეკრებები. ძირითადად ეს საკითხი უფრო მტკივნეული არის თბილისის და დიდი ქალაქების სასაფლაოებზე, სადაც პოლიცია შესაბამის წესრიგს დაიცავს, რომ იყოს პრევენცია დიდი შეკრებებისა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

შეკითხვაზე, დააჯარიმებს თუ არა პოლიცია 2000 ლარით სასაფლაოზე კვერცხით მისულ მოქალაქეს, გამყრელიძემ თქვა: „ამას გააკონტროლებს და მონიტორინგს აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოლიციელები, ძალიან ღირსეული ჩვენი ადამიანები, ყველასთან იქნებიან ძალიან მოკრძალებული“.

კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება და ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. გარდა ამისა, მობილობის შემცირების მიზნით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]